სახელმწიფო დეპარტამენტი: მსგავს კანონებს კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები იყენებენ

სპეციალური განცხადების გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს, 18 აპრილს ტრადიციული პრესკონფერენციის დროსაც გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი. უწყების პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ. აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას.


„ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონმდებლობით და მისი პირველი მოსმენით მიღებით, განსაკუთრებით იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს იღებს სამიზნეში და მათ სტიგმატიზირებას ახდენს.


ვფიქრობთ, რომ ეს ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას, განსაკუთრებით, ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას,  გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს,“ აღნიშნა პატელმა.


შესაძლო სანქციებზე დამაზუსტებელ შეკითხვას მან ასე უპასუხა:

„ჰიპოთეტიურზე სპეკულირებას არ მოვახდენ [სანქციებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება რუსეთს, მე ვთქვი, რომ მსგავს კანონებს იყენებს კრემლი. არამხოლოდ კრემლი, არამედ, სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზირება და სისტემური რეპრესირება მოეხდინათ. არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა შეესაბამება გამჭვირვალობის გაზრდის საჯაროდ გაცხადებულ მიზანს,” - განაცხადა პატელმა.


“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.


შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.