პრეზიდენტი: არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ, ქართული კოშმარი

ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ორაზროვანი კავშირი აქვს მოსკოვთან. ის ბრალს სდებს ევროპას, რომ თითქოს, მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა. თქვენთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში.

„გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია.


კითხვას: როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე, პრეზიდენტი პასუხობს: „იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია, ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.“


როგორც ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლებას რუსული სტრატეგია აქვს, რაც ევროპელ პარტნიორებთან „ჭადრაკის თამაშია“ საქართველოსთვის კურსის შესაცვლელად.


„ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია. ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ.

გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი, დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.