შს მინისტრის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
„რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე.
აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას.
ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით - დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელურმა.
მისი თქმით, „პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.“
„მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გომელაურის თქმით, “ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს.“
შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები