„ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ - ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ქალების მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“
„მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ იმიტომ, რომ ეს კანონი იქნება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ქართველ ქალებს, რომლებიც ვართ დედები, დები თუ შვილები, არ გვინდა, რომ ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს რაიმე საფრთხე დაემუქროს.
შესაბამისად, გამოვედით იმისთვის, რომ პარლამენტს შევასმენინოთ, ეს კანონი არ მიიღოს. ქალები არის ამ ქვეყნის ძალა, რომლებიც ძალიან დიდ შრომას სწევენ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, დემოკრატიული გაძლიერებისთვის.
ქალებს აქვთ დიდი ძალა შეეწინააღმდეგონ ამ კანონპროექტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიგონოს ქალების, ახალგაზრდების და სრულიად ქართველი ერის ხმა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ,“ განაცხადა ქალთა მარშის მონაწილემ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.