ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა.


ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაცია არ ასახელებს ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში.


2023 წლის მაისში, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში) დევიზით: „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა.“

კონფერენციის ბევრი მონაწილე ცნობილია რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული, იზოლაციონისტური პოზიციით და თანაც ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით.

ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ უფრო ადრე განაცხადა, რომ PES-ს ტოვებდა.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.