საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისში ახალი სტადიონის აშენება იგეგმება. მისი თქმით, „ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი.“
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
„სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება, განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში.
ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადო განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.