კულტურის მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული.
„არავის მითითებებზე ასკინკილით სიარულს არ ვაპირებ. მე ვარ ქართველი, ვარ ამაყი, რომ ვარ ქართველი და პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ იმით, რაც არის ქართული საქმის ინტერესში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი. ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე, ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას,“ ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.