პუტინს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების იმედი არ უნდა ჰქონდეს - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა მისი პარტნიორების მხრიდან შესუსტდება. კანცლერმა განმარტა, რომ დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხრიდან დახმარება არ შემცირდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა, თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმენების მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ „აშშ-სა და ევროპის გული ისევ ერთხმად ცემს.“


„ის ფაქტი, რომ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, განსაკუთრებით იარაღის მხარდაჭერის შესახებ, არის [...] ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი, რადგან უკრაინას დახმარება აშშ-დან და ევროპიდან შემცირდება,“ - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.