შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, დაიწყოს უკრაინაში შორი დისტანციის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) გადაცემა, ვიდრე თეთრი სახლი ელოდება სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ახლახან მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა CBS-ს განუცხადა.
„იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ის [კანონი] პრეზიდენტთან მოხვდება სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ჩაეშვება შორი მოქმედების რაკეტებთან, ATACMS-ებთან [ერთად], მე იმედი მაქვს, როდესაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ეს ტვირთები კვირის ბოლოსთვის უკვე გზაში იქნება,“ - განუცხადა სენატორმა უორნერმა ტელეკომპანია CBS-ს.
მან დაადასტურა, რომ საუბრობდა სწორედ შორი მოქმედების რაკეტა ATACMS-ებზე და რომ ეს კანონში წერია. გასულ კვირას ამერიკული მედია წერდა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მოზრდილი პაკეტი პენტაგონმა წინასწარ მოამზადა, შესაბამისად, ასიგნებების დამტკიცების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას კვირაზე ნაკლები დასჭირდება. შორი მანძილის სარაკეტო სისტემები დიდი ხანია, კიევის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ზოგიერთი დასავლური მთავრობა თავს იკავებს იარაღის მიწოდებაზე რუსეთთან ესკალაციის შიშის გამო.
შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს აქვთ მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი და ჯერჯერობით, ისინი არ მიუწოდებიათ უკრაინისთვის.
თებერვლის ბოლოს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი მზად არის, მიაწოდოს კიევს უფრო დიდი დისტანციის ATACMS-ის რაკეტების ვარიანტები, თუ კონგრესი დაამტკიცებდა დაფინანსების ახალ პაკეტს.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.
„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.
შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.