საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.“
მისი თქმით, ეს კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.“
„განვიხილეთ საქართველოს ვითარება. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს," - განაცხადა ბორელმა.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე. მომდევნო საბჭო შვიდ მაისსაა დანიშნული. თუმცა ამ საკითხზე ბორელს კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.