შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი

კითხვას, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის მიღების შემდეგ, Euronews-ი წერს, რომ შარლ მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს, „იმოქმედებს“ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.“


„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და განმარტა, რომ თუ კენჭს უყრიან ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.“


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 16 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. პარლამენტმა ხსენებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.


შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.