„ეს შეიძლება, არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი.“
„როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო.
სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში.
სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? - ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე... დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.“
მისი თქმით, ეს კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.“
„განვიხილეთ საქართველოს ვითარება. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს," - განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.