ოკუპირებული ცხინვალიდან ანექსირებულ ყირიმში ლუდის მიწოდება დაიწყო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ლუდის მიწოდება დაიწყო, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით თებერვალში „ცხინვალის დელეგაციამ ყირიმის წარმომადგენლებთან განიხილა თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი" და მხარეები შეთანხმდნენ „ერთმანეთისთვის კონკრეტული საქონლის მიწოდებაზე.“


„შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდგომ, საწარმომ „მაღალმთიანი ყელის ლუდსახარშმა“ (სოფელი ლენინგორი) (რედ. ახალგორი) განახორციელა სამი სახეობის ლუდის პირველი პარტიის მიწოდება 26 000 ბოთლის ოდენობით,“ – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია ანექსირებული ყირიმის მაღაზიაში გამოჩნდება და მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებულია მოცულობის გაზრდა.

2008 წლამდე ლუდს ახალგორში ქართული კომპანია „ლომისი“ აწარმოებდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ქარხანა "მაღალმთიანი ყელის ლუდსახარში“ 2022 წელს ყოფილი სახელმწიფო საწარმოს „ალუტონის“ ბაზაზე გაიხსნა.