შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ ოპერირება შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს

აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ შპს Middle Corridor Multimodal-მა შესაძლოა, ფუნქციონირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყოს, განუცხადა Report-ს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარიზ ალიევმა.


გასულ წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზას შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.


ფარიზ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეასრულებს ერთი ოპერატორის როლს შუა დერეფნის ფარგლებში, რომლის სათაო ოფისი ასტანაშია.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას.

ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა.