კობახიძე: გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.