სვენ მიქსერი: საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს

საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული.


„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ასევე, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირს შეუერთდეს. სამწუხაროდ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკან დაიხია უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ აქვთ პრობლემა საბაზისო თავისუფლებასთან, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან, მედია თავისუფლებასთან. ლგბტქ+ უფლებებთან. ევროპარლამენტმა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნეს ეს ნაკლი.


სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების არეალს, შეამცირებს გამოხატვის თავისუფლებას და გაუხსნის გზას დისკრიმინაციას. სამწუხაროდ, ამას ექნება თავისი შედეგი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას,“ - განაცხადა სვენ მიქსერმა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.