ახალგაზრდებმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის წარმომადგენლობამდე მსვლელობით გააპროტესტეს

სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეთა განმარტებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.


მანამდე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, "ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კერძოდ, ინცინდენტი იმ დროს დაიწყო, როდესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს და მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს.


დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს. აქციის მონაწილეები მას სთხოვდნენ, საჯაროდ, ტელეეთერების მეშვეობით განეხილათ "აგენტების კანონი" მათთან ერთად, რა დროსაც დეპუტატი გადმოვიდა მანქანიდან და შეკრებილების დარწმუნება დაიწყო, რომ "ეს კანონი ქართულია."


„ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ესაა მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით,“ - მიმართა მან აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც დატოვა მსვლელობის ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.