კობახიძე უნგრეთში: კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.“ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.

მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას.

ამიტომ, მინდა ,მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, ე.წ. „ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.“


„ე.. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. .. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა,“ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.“

უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა.

თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით .. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა.


უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში,“  -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის გამოსვლის ტექსტი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.