დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 590 მილიონი ევროთი გაზრდის. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ 25 აპრილს განაცხადა. დანიის პოლიტიკური პარტიები და მთავრობა შეთანხმდნენ უკრაინის ფონდის გაზრდაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესი ნაწილი უკვე გამოყენებულია, ხოლო „ამ წელს უკრაინის შემდგომი მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერაა საჭირო.“
„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ არსებულ კრიტიკულ ვითარებაში,“ - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
დამატებითი თანხები ძირითადად გამოყენებული იქნება უკრაინის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერისთვის იარაღის, სხვა სამხედრო აღჭურვილობისა და სასწავლო პროგრამების სახით. საუბარია მწარმოებლებისგან იარაღის შეკვეთაზე და სხვა ქვეყნების ინიციატივების დაფინანსებაზე. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიიდან პირდაპირი შესყიდვების შესაძლებლობა გათვალისწინებულია "აუცილებელი კონტროლის მექანიზმების არსებობის გათვალისწინებით."
შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში დანიამ უკრაინისთვის თითქმის 300 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.