„კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია“ - ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია.“


„ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რაზედაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა.


ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.