„ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას“ - „ქართული ოცნების" წევრი თელავიდან

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი აცხადებს, რომ პარტიას, ფრაქციასა და თანამდებობას დატოვებს, თუკი მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ არ გაიწვევს.


„ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან.“


„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება... ამიტომ, მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკან არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას,“ - განაცხადა დეპუტატმა 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე.


ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.