პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საკომიტეტო განხილვაზე ონლაინმედიას არ უშვებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილება. მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს, როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტი დასავლეთის ქვეყნებშიც არის, რაზეც საპასუხოდაც ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ შინაარსობრივი კითხვები უნდა დასვან.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა,“ - აცხადებს თავის მხრივ, პარლამენტის პრესსამსახური.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები,“ - აცხადებს პარლამენტი.
29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.