ISW-ს შეფასებით, დონეცკის ოლქში, გარკვეული პოზიციებიდან უკრაინელების უკან დახევა რუსეთს ოპერატიულად მნიშვნელოვან სწრაფ გარღვევას არ მოუტანს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა, მოწინააღმდეგე უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთი მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვს. მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს. კერძოდ, უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის 3 სოფლიდან უკან იხევენ.


სოფლები ბერდიჩი, სემენივკა და ნოვომიხაილივკა მდებარეობს პოკროვსკის რაიონში, უკრაინის დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, რომელიც რჩება ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ სექტორად, რადგან რუსეთი აგრძელებს შეტევას.


სირკის განმარტებით, უკრაინის არმიის მეთაურები, "რათა დაზოგონ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა", უკან იხევენ უფრო დაცულ პოზიციებზე. ის აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა მიაღწია გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო.


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც რუსეთი ავდიივკის დაპყრობის შემდეგ ცდილობს. მისი თქმით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

„სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს,“ - აღნიშნა სირსკიმ.


მთავარსარდლის თქმით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის და ლიმანის დასახლებების მიმართულებით, ასევე დონეცკის ოლქის სივერსკის, სლოვიანსკის და კრამატორსკის სექტორებში. სირსკიმ განმარტა, რომ ვითარება სამხრეთში ასევე რჩება "ინტენსიური", რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის, ზაპოროჟიეს ოლქის სოფლების რობოტინოსა და ვერბოვეს მახლობლად და დონეცკის ოლქის სტარომაიორსკეს მახლობლად.


გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხერსონის ოლქში, დაამყარეს კონტროლი კუნძულ ნესტრიჰაზე, რომელიც მდებარეობს მდინარე დნიპროს დელტაში და ის დიდი ხანია, განიხილებოდა "ნაცრისფერი ზონად". სირსკიმ აღნიშნა, რომ კიევის ჯარები ასევე წინ მიიწევენ ველეტენსკის რაიონში.


ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთს ავდეევკის მიმართულებით სავარაუდოდ, ისევ ექნება ტაქტიკური წარმატებები და უკრაინის არმიის სარდლობამ შესაძლოა, კვლავ მიიღოს უკან დახევის გადაწყვეტილება, თუ სხვა ტაქტიკურ პოზიციებს საფრთხე შეექმნება, თუმცა, უკრაინის ძალებს შეუძლიათ რაიონის გეოგრაფიული თავისებურებები გამოიყენონ რუსეთის არმიის წინსვლის შესანელებლად. ამასთან, ცენტრის ექსპერტები არ მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეძლებს ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევას. მათივე შეფასებით, დონეცკის ოლქის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევას რუსეთის ძალებისთვის სწრაფი ტაქტიკური შენაძენი არ მოუტანია.