ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვიდან, ოხანაშვილმა 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

ანა წითლიძე მეშვიდე დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა. მიზეზად ოხანაშვილმა „რეგლამენტის დარღვევა“ დაასახელა, რაც მისი თქმით, მიკროფონის გარეშე საუბარში გამოიხატებოდა. მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი.

განახლება: საკომიტეტო მოსმენიდან ლევან ხაბეიშვილიც გააძევეს.


„არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი არა აქვთ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. ყველა ის ადამიანი ვინც ცდილობს შინაარსობრივი კითხვა დასვას გამოაძევეს გარეთ,“ აცხადებს ანა წითლიძე.

სადავო კანონპროექტის მეორე საკომიტეტო განხილვა 09:00 საათზე დაიწყო. ის ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს.


29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება.