სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

"რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილის ღამეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო ხალხმრავალ აქციაზე პარლამენტის შენობასთან დააკავეს, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორშია.


სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა "სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა."


„სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.


სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.


სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


პეტრიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.


28 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის წინ, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება.