ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს არის კანონი, რომელსაც, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციის საწინააღმდეგოდ შეუძლია, იმოქმედოს.“ მან უპასუხა მედიის შეკითხვას, რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი იმ ფონზე, როცა აღნიშნული კანონპროექტი თბილისში პროტესტის ფონზე განიხილება. კერძოდ, იგეგმება თუ არა რაიმე ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვიოს.
„ის, რაც ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ, იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ზედამხედველობას უწევენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს მხარს ვუჭერთ. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება - წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებებულებების ერთგულებასა და ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილს და არა დაშორების, რასაც ამ კანონის მიღება აჩვენებს. უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს დაშორებას ნიშნავს ქვეყნის მიერ დასახული მიზნიდან, რასაც ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენს.
აღნიშნული საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ისაუბრა. ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხევაში, შეიძლება, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
ჩვენ ინტერაქციაში ვართ პარტნიორებთან, მთავრობასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა მათ ავუხსნათ, თუ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგები. ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს დასახულ მიზანზე, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს.
იცით, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს. ეს ყველაფერი ანგარიშში აისახება და როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის ან პირიქით უკუსვლაა, ეს მოქმედებს საერთო მიდგომასა და სახელმწიფოს პროგრესზე, რომ მიაღწიოს მთავრობისა და ხალხის მიერ დასახულ პრიორიტეტებს, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს,“ - განაცხადა პიტერ სტანომ.