მამუკა მდინარაძე: აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა უცხოური ქვეყნის მითითებით, კონტროლით, დირექტივით განისაზღვრება - ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ არაგანჭვრეტადი რეგულაციაა

აშშ-ის FARA-ს კანონმდებლობით არცერთი ცენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მოხვდეს - აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა განისაზღვრება უცხოური ქვეყნის გავლენით, მითითებით, კონტროლით, დირექტივით, - ეს არის განმარტება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.


როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, უცხოური ძალის გამტარებლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით უფრო მსუბუქია, “რადგან დისკრეციაში არ შედის“.


“თუ აშშ-ს შესაბამისმა ორგანომ მიიჩნია, რომ ეს თუ ის ორგანიზაცია უცხოური ქვეყნის გავლენით, დირექტივით, კონტროლით მოქმედებს, ის დისკრეციის შესაბამისად FARA-ს რეესტრში მოხვდება. ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ გაცილებით მკაცრი და არაგანჭვრეტადი რეგულაციაა.

თუ გინდათ, ჩავწეროთ ანალოგიური დისკრეცია, რაც FARA-ში წერია და რასაც “ჩამკეტს“ ეძახით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ინფორმაციისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.


პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. მმართველი გუნდი ამ დრომდე აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამერიკულია ანალოგია.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება.