„ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია“ - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა „საყოველთაო შეკრებაზე“

“სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო“ შეკრებაზე მიმართვისას, როდესაც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე საუბრობდა. მანვე გაუსვა ხაზი, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია, საქართველოს ხელისუფლება გარედან დანიშნო.“
 
ივანიშვილის შეფასებით, „ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა.“

 „შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა,“ განაცხადა ივანიშვილმა.

„სიფხიზლე არ უნდა უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ,“ ამბობს „ქართული ოცნების დამფუძნებელი.

ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „2004-12 წლებში ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ, გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის შეფასებით, „გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს.“
“დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა,“ მიიჩნევს ივანიშვილი.

დღესვე, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობიდან მეთორმეტე წელს პირობა დადო, რომ „არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის.“

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას, ვეტინგის ინსტრუმენტს უცხოური მმართველობის შემოღება უწოდა, რომელმაც „რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით დააკომპლექტოს.“
 
მიმართვის ბოლოს მან „პირობა დადო, რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.“