თავდაცვის ძალების მეთაური: ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად

თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„დაარსების დღიდან საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად და თანმიმდევრულად ვითარდება და აღწევს წარმატებას. სამ ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის ძალები ღირსეულად დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენს წარმატებას განაპირობებს განხოციელებული რეფორმები, რომლებიც ფოკუსირებულია ჯარისკაცზე ზრუნვასა და მის ინსტიტუციურ განვითარებაზე. ძლიერი და მოტივირებული ჯარისკაცი თავდაცვის ძალების წარმატების ქვაკუთხედია," – განაცხადა გენერალ–მაიორმა მათიაშვილმა.


თავდაცვის ძალებში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამან განაპირობა სრული ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობის ქართული წარმოები დაწყება.


„ამოიცვალა და დაინერგა თანამედროვე NATO–ს სტანდარტების საბრძოლო შეიარაღება, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად.


საქართველომ დაიწყო ერთობლივი ქართულ–პოლონური დრონების წარმოება, მიმდინარე წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა,“ აღნიშნა მათიაშვილმა და საამაყო და ხაზგასასმელ ფაქტად მიიჩნია, რომ ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უჭირავს ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორებს შორის სამხედრო ოპერაციებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში. თავდაცვის ძალების მეთაურმა პარტნიორებს „თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.“


„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუახდო ჩვენს პარტნიორებს იმ გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. საქართველოს თავდაცვის ძალების განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნების ჩატარებასა და თვითშეფასების ეფექტიანი პროცესის დანერგვას, რათა თავდაცვის ძალებმა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება.


მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობის, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ძალების პრიორიტეტების აღსრულებას. მადლიერი ვარ ყველა იმ ჯარისკაცის, ოფიცრის სამოქალაქო პირის, რომელთაც იმსახურეს და ახლაც მსახურობენ თავდაცვის ძალებში.

მსურს, პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო სამხედრო ვეტერანების მიმართ, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენს რიგებში არიან საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები.


საამაყოა, რომ ისინი კვლავ მტკიცედ დგანან სამშობლოს სადარაჯოზე, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო მათ. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში შესრულებისას თავდადებული ჩვენი თანამებრძოლებისა და მათი ოჯახების წინაშე.


მარად გვემახსოვრება მათი სახელები. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დაარსების დღეს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, როგორც თავდაცვის ძალების აღმშენებლობაში, ასევე, პირად საქმეში, მადლობა,“ – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა.


თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა კი, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი შეფასებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. მანვე აღნიშნა, რომ თანამედროვე ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო პარტნიორებს.


„თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.


ცნობისთვის, ქართული არმიის 33 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აღინიშნა. ქართულ ჯარს მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა.


სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებამ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც იჩინა თავი. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ვიღაცებს სურთ, რომ „საქართველოს ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!“ მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ პერსპექტივას, რომლის ირგვლივაც 30 წელზე მეტია, გაერთიანებულია საზოგადოება, „ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.“


„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე ჩემი წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისასალმებელ სიტყვაში პრეზიდენტი არც შემდეგმა გამომსვლელებმა ახსენეს. გამონაკლისი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.