„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 29 აპრილს დაუჭირა. ახლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს.

პარალელურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პარლამენტთან იმართება. პარლამენტის წინა მხარეს დამონტაჟებულია სცენაც.

სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალურ, ასევე, უკანა შესასვლელთან.


შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ მთავრობას”, “არა რუსულ კანონს”. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.