„ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები,“ - ეს განცხადება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლის დროს გააკეთა.
ეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება.
„ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება,“ - განაცხადა მეუფე ზენონმა.
მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით და ვიქნებით,“ განაცხადა მან თავის მხრივ, მიმართვისას. მეუფე ზენონმა ადგილზე შეკრებილებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მან ტელევიზიით მიმართა სპეცრაზმს, „არ აღმართონ ხელი თქვენზე (მოქალაქეებზე.რედ), რადგან ამას გამართლება არ აქვს.“
„მე არ შემეძლო, არ მოვსულიყავი თქვენთან და არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მით უმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. სამყარო უყურებს, ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს.
მე მინდა, ყველას ვთხოვო ხელისუფლებას, მოქალაქეებს — ყველას თუ ჩვენ არ ვიქნებით, აღარც სამშობლო იქნება, თუ მომავალი თაობები არ იქნება, აღარც ქვეყანა იქნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, გვახსოვდეს ამ ქვეყანდ არსებობს მხოლოდ ერთი მომავალი და მისი სახელია სიკვდილი. პარასკევი არის სიკვდილის დღე უფლის ჯვარზე რომელსაც მოჰყვება აღდგომა.
ამიტომ, ჩემი მოწოდება არის ის, რომ თითოეული ჩვენთანგანის პირველი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით. ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით და ვიქნებით,“ — აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.