დღეს პარლამენტში დაგეგმილი სხდომები არ გაიმართება

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს, 14.00 საათამდე იმოქმედებს. პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული.


საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.“


წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. პარლამენტის განცხადებაში წერია, რომ 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.