„ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო“ - ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ვიზიტი შეაჯამა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. საქართველოში ყოფნის ორი დღის განმავლობაში კოოპმანი ესაუბრა მთავრობის წარმომადგენლებს - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე - ოპოზიციას. მან მედიასთან შეაჯამა თავისი შეხვედრები, რომლებიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამართა და ასევე უპასუხა შეკითხვებს. ის „უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. არის ესკალაცია და პოლარიზაცია. „ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა,“ ამბობს ევროკომისიის მაღალჩინოსანი. კოოპმანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოოდ დამტკიცებამდე, საჭიროა მის შინაარსზე მსჯელობა.


„გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება, მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იყოს გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ეს კანონი ამ სახით არ მიიღება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა,” - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის მიერ მოყვანილი ციტატის მიხედვით.


მისივე თანახმად, მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი.

„თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს წარვადგენთ სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე.


„ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და კომისია მზადაა, კანდიდატ ქვეყანასთან იმუშაოს, აღმოვაჩინე გარკვეული ღიაობა ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. 

კოოპმანის შეფასებით, „სიტუაცია, უკიდურესად გაუარესებულია. თბილისის ქუჩებში ხდება ძალადობა, რასაც გმობს ევროკომისია. ის ასევე აღნიშნავს, რომ „სამწუხარო მოვლენები ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.“

მან ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში, ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.


„ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, ევროკავშირს დაუახლოვდეს და მწამს, რომ ეს იქნება მთავრობის სურვილიც. იმედი მაქვს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება გადაიჭრას ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამის იმედი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ახლა ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.


კოოპმანთან საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამაც. უწყების ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას და გამოიხატა მხარეების მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად.“


სამინისტროს განცხადებით, „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის წარმატებით დამკვიდრებული დიალოგის პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.“


ვიზიტის დასასრულის ამსახველი პოსტი კოოპმანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა.

„ჩემი ვიზიტი ულამაზეს საქართველოში დღეს სრულდება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო, თუ „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის“ დაბრკოლება გადაილახება და კარგი პროგრესი მიიღწევა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ევროკავშირი აგრძელებს მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით. პირადად ჩემი კარი ყოველთვის ღიაა,“ წერს კოოპმანი.

 „ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ევროკომისის გენერალური დირექტორის ვიზიტი