ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ - საგარეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა.


„დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.


დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა," - აღნიშნულია განცხადებაში.