მეთიუ მილერი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ გამოხატეს შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობის წინ წაწევის გამო. შესაბამისი განცხადება სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა მას ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის „ანტიდასავლურ განცხადებებზეც.“



მილერმა ასევე გაიმეორა, რომ გმობენ მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანს, რამდენად სერიოზულად უყურებს აშშ ამ საკითხს.


„ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ,“ აღნიშნა მილერმა.

შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ბლინკენი ძალიან ყურადღებით აკვირდება“ პროცესებს.

დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ.

უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა.