აშშ-ის საელჩო: პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხაზს უსვამს ამერიკის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას უდასტურებს ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომლებიც მამაცურად აშუქებენ სიმართლეს.


„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს. როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსი. 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა მაშინ, როდესაც 2023 წელს ქვეყანა 77-ე იყო.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს უშლის ხელისუფლების ჩარევა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ არახელსაყრელია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები და არის დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობა.