პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარს. მანამდე, შოლემ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კობახიძეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გადასცა. მისი შეფასებით, მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

კობახიძე აღნიშნავს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა.

„ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა,“ - წერს კობახიძე. როგორც მან აღნიშნა, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.


ის ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.

„ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო,” - წერს ირაკლი კობახიძე.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ კვლავ გამოხატეს შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობის წინ წაწევის გამო. შესაბამისი განცხადება სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა მას ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის „ანტიდასავლურ განცხადებებზეც.“

მილერმა ასევე გაიმეორა, რომ გმობენ მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანს, რამდენად სერიოზულად უყურებს აშშ ამ საკითხს.


„ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ,“ აღნიშნა მილერმა.

შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ბლინკენი ძალიან ყურადღებით აკვირდება“ პროცესებს.


უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“

პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. თბილისში პროტესტი გრძელდება.