შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ „გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება.“


როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „დაგეგმილი იყო ასევე, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.“


„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.


იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.