4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს კონსტიტუციაზე, სადაც „ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს დღეს „აშკარად არ განმეორდა“ აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე, რაც მისთვის კიდევ სხვა კურსის არსებობაზე მიუთითებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია: „მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ.
„ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ მოხდა.
ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში ქართველი ხალხისთვის, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენ არ განიხილოთ საქართველო დაკარგულად, არამედ აღიქვათ, რომ ის აგრძელებს თავის გზას ევროინტეგრაციისკენ და რომ საქართველო არ არის მარტო.
ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ მე ვიცი, რომ თავად ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ევროპარლამენტის არჩევნებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც დაეწყებათ არჩევნების აქტიური პერიოდი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული. მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება ასევე იყო თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირს ყოველთვის აღიქვამდნენ ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებას და დაცვის მექანიზმს რუსეთის შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ.
„ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.