რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონში ცვლილებები, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთბაშად მეორე და მესამე, საბოლოო მოსმენით 6 მაისს დაამტკიცა შესწორებები, რომლითაც ე.წ. "უცხოეთის აგენტებად" წოდებულ პირებს ყველა დონის არჩევნებში უკრძალავს კანდიდატებად მონაწილეობას.


კერძოდ, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ "უცხოეთის აგენტების" სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილნი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები. უკვე რეგისტრირებული პირების "უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანა არ შეიძლება არჩევნების შედეგების შეჯამებამდე.


შესწორებები ასევე ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას "უცხოეთის აგენტებისთვის", რომლებიც არიან სენატორები, სახელმწიფო სათათბიროს, რეგიონების საკანონმდებლო საბჭოების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატები - თუკი კანონის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში მათ რეესტრიდან არ ამოწერენ.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში "უცხოეთის აგენტებად" მიჩნეული პირები ამჟამად არ არიან, თუმცა ასეთები არიან მოსკოვის საქალაქო სათათბიროში (დარია ბესედინა, მიხაილ ტიმონოვი, ევგენი სტუპინი), პეტერბურგის საკანონმდებლო საბჭოში (ბორის ვიშნევსკი), კომის რესპუბლიკის საკანონმდებლო საბჭოში (ვიქტორ ვორობიოვი), ასევე, მუნიციპალურ დეპუტატებს შორის.