მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სოლიდარობას უცხადებენ მათ კოლეგას, ლადო აფხაზავას, რომელსაც 5 მაისს განაცხადა, რომ თავს დაესხნენ. მათ განცხადებას ამ დროისთის [21:34] 555 მასწავლებელი აწერს ხელს და მათი რიცხვი მზარდია.
„მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. Სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.
კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება," - წერენ განცხადების ავტორები. ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, "ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული". მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ლადო აფხაზავაზე ძალადობის ფაქტი.
შეგახსენებთ, აფხაზავას თქმით, ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხა თავს სამი ჯოხებით შეიარაღებული ადამიანი.
ის ამ დროს მის 20 წლის შვილთან ერთად იყო. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ლადო აფხაზავა 2018 წელს გახდა მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი. ამავე წელს ის მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაც მოხვდა - 2019 წლის 27 მარტს მას ჩიბათის საჯარო სკოლაში სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ცერემონილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მასწავლებლებს საქართველოს მასშტაბით, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.
„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან,“ - ნათქვამია განცხადებაში.