პაპუაშვილი: ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ მონაცემთა ბაზა შეიქმნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი, რომელშიც „ძალადობასა და შანტაჟში მონაწილე პირები შევლენ, მათი კამპანიის მორალური შეფასებაა.“


„მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახან, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.