შსს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იშლება. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მან დეზინფორმაცია უწოდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. მისი საუბრის დროს, ბრიფინგის ოთახში დადგმულ მონიტორზე გადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში აქციის დაშლისას გადაღებული კადრები, რომლებიც სამართალდამცველთა მიერ გამოყენებულ ზომებს ასახავდა.


კუპატაძის თქმით, „ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.“


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, „როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.“


შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.


განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.


ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.


ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული," - განაცხადა კუპატაძემ.