რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.


„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს, 8 მაისის საღამოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, 20 აპრილს უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გათავისუფლდნენ. ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.