საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია. ამის შესახებ მან 9 მაისს, რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი ბრძენია და სწორედ ამიტომ პროვოკაციებს არ აჰყვება.
„ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები.
დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება.
ქართველი ერი აღარ იარსებებდა, ასეთი ბრძენი რომ არ ყოფილიყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს. იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა, ერთი მხრივ ესაა ევროპული მომავალი, მეორე მხრივ, ესაა რუსული იმპერიალისტური წარსული.
„სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებებს, სად ხედავენ მათ მომავალს. ესაა მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ესაა ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ: თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე!"
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.
გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას.