„დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო სინდისითა და ყოველგვარი ღირსებით აღსავსე შევა ევროპაში.
„მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მტერი და ვინ მოყვარე.
„ძალიან რთულ გზას გავივლით ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. იმისი მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორებს ზოგმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, ევროპის დღეს, იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს. როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.