პრეზიდენტი პრემიერს: ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლის კობახიძის “ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი.”

„ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!


მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა! - წერს პრეზიდენტი.


საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.