Human Rights Watch-ი: პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) აცხადებს, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდების ეფექტიანი გამოძიება.


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, ეს კანონპროექტი თითქმის იდენტურია იმ კანონპროექტისა, რომლის მიღებაც საქართველოს პარლამენტმა სცადა 2023 წელს, მაგრამ მასობრივი პროტესტის შემდეგ მან უკან დაიხია. ახალ ვერსიაში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტები“ „უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციებით“ ჩაანაცვლა.


Human Rights Watch-ის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც „გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად," ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში.“


HRW-ის განცხადებით, „კანონპროექტი არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს კანონპროექტი დიდად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში.“

HRW აცხადებს, რომ „გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება.“


ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონპროექტი არის რუსეთის „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებას რუსეთის კანონზე, რომლის თანახმადაც, დაირღვა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ, რომ დაუსაბუთებელი იყო სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის და რომ ეს შეზღუდვები არის მათი ლეგიტიმური საქმიანობის შეზღუდვა.


საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.