შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს - ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება.


პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტარებმა ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.

„რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები.


მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას.


ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს.


მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.


პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათთვის კრიტიკა პრობლემა არ არის.

„მე მგონი, ამდენი კვირა აკვირდებით, რომ არც კრიტიკაა ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ, რომ სათქმელი ყველასთან გვაქვს და გარწმუნებთ, როგორც პარლამენტში დებატების დროს, შემდეგ არგუმენტი არ აქვთ ხოლმე და ვერ შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში, ზუსტად ასეთივე არის ჩვენი მსჯელობა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ხოლმე - შინაარსში როდესაც შევდივართ, იმის იქით ვეღარ არის მსჯელობა. ამიტომ არც კრიტიკაა პრობლემაა, არც განცხადება, მე მგონი ხედავთ, რომ არის განცხადებები, მათ შორის, ვინც ჩამოდიან მათი მხრიდანაც, აქ პრობლემა არ არის, ვინაიდან განცხადებას ჩვენი საპასუხო განცხადება მოჰყვება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.


გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ემხრობიან კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან. როთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან მოუწოდა ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი.


„საქართველოს მთავრობამ დარღვევები და მუქარები უნდა შეწყვიტოს, „უცხოური აგენტების კანონი“ უნდა გაიწვიოს და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი უნდა დაიწყოს. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი," დეესკალაცია მოახდინეთ და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი დაიწყეთ!

ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: ნუ იღელვებთ, ჩვენ შევხვდებით. მალე," - წერს როთი.


აპრილის დასაწყისში, ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი წერილით გააკრიტიკეს საქართველოში ხელახლა ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.


როთმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პირველ მაისის საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეოც, რომელიც ასახავდა ათასობით მოქალაქის დემონსტრაციას ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ და დაწერა, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია და ქართველები სამაგალითო ევროპელის სახეს აჩვენებენ.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.