საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან.
„ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც რა თქმა უნდა, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მიზანი იგივეა - სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. როცა პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ დგას პოლიტიკური პარტიის უკან და პირველ რიგში აქ საუბარია შემომწირველებზე.
ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი 100%-ით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში და განმტკიცებაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.